რუსეთის დუმის დეპუტატმა, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად დამოუკიდებლობას არ გაწირავენ.
მისი თქმით, მმართველი პარტია მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე სოხუმთან და ცხინვალთან არსებული სიტუაციის მოგვარებაზე კვლავ საუბრობს.
"არჩევნების წინ მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ ახალი მიდგომის გამოცხადება გადაწყვიტა. კერძოდ, ბოდიშის მოხდა ოსებისთვის, სააკაშვილის აგრესიის გამო 2008 წელს. ეს გაკეთდა არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ ძირითადად შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო.
ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს არ დაუბრუნდება. რუსეთი არ მოახდენს გავლენას რესპუბლიკების გადაწყვეტილებებზე და არ მოახდენს მათზე ზეწოლას, როგორც ეს ბევრს ჰგონია. ჩვენ სრულიად განსხვავებული მორალი და დამოკიდებულება გვაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მიმართ. რაიმე გეგმა, რომელიც ამ გადაწყვეტილებას შეცვლის, არ არსებობს და არც იარსებებს", - აღნიშნა ზატულინმა.
***
ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს ომსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მან 2008 წლის ომში კვლავ არა რუსეთი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა და ნაციონალური მოძრაობისთვის "ნიურნბერგის პროცესი" დააანონსა. ივანიშვილის მტკიცებით, აგვისტოს ომი "გარედან დაგეგმილი პროვოკაცია" იყო, რომლის "გამჩაღებელი" მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლებაა. 2008-ში რუსეთის მიერ თავდასხმისა და შემდგომი ოკუპაციის ფონზე, ივანიშვილმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ "აუცილებლად გამოძებნიან საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოიხადონ იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები".